„მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ, რომ გამოძიება 5 ივლისის საქმეებზე არის არაეფექტური. არაეფექტური არის უშუალოდ ძალადობის ნაწილში. ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მაშინ, როდესაც არაერთი საჯარო და ღია მტკიცებულება არსებობს მათი მხრიდან შესაბამისი დანაშაულების ჩადენის. პროკურატურა უბრალოდ არაფერს აკეთებს," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.