12 ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

12 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალოს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, შეუთავსებელია, ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან.

"ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო.

საქართველო მრავალი წელია ევროინტეგრაციის გზაზე დგას. ეს გზა ადვილი არ არის, მაგრამ მას მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა. ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის რეკომენდაციით და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა გაიხსნა. ისტორიული შესაძლებლობა, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მიენიჭა იმ უზარმაზარი მსხვერპლის გამო, რომელსაც უკრაინა წევს, რათა დაიცვას ღირებულებები, რომელზეც ევროკავშირიც არის აგებული.

ჩვენ, ევროპარლამენტში, საქართველოს პროევროპული გზის მხარდამჭერები, დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული და ყველა შესაძლო ძალისხმევა იქნას გაწეული, რათა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მიუახლოვდეს.

სამწუხაროდ, საქართველო ფართოდ აღიქმება, ქვეყნად, სადაც შესაძლებელია ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის კრიტიკული საზოგადო მოღვაწეების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია, ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან.

ევროპარლამენტმა დაგმო ტელეკომპანია მთავარი დირექტორ, ნიკა გვარამიას საეჭვო ბრალდებები, ფულის გათეთრებასთან, ქრთამის აღებასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმებოდა, როგორც დღევანდელი ხელისუფლების მიერ კრიტიკული ხმის ჩახშობა, თუმცა 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. ეს საქმე ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებულ უნდობლობას, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის აუცილებლობას, ის ასევე უარყოფითად აისახება მედიის თავისუფლებაზე და კიდევ უფრო იწვევს პოლარიზაციას.

ამიტომ მოგმართავთ მოწოდებით, განიხილოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია გათავისუფლდეს ციხიდან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ იკისრებთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.


„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა.

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო.

საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.