ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე მონაწილე ოლიმპიელთა რაოდენობის შემცირება გადაწყვიტეს. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მოელის, რომ ტოკიოს თამაშების გახსნის ცერემონიაზე დაახლოებით 6 ათასი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას.
თავდაპირველი გეგმით, გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეობა უნდა მიეღო დაახლოებით 200 ქვეყნის 11 ათას სპორტსმენს და დელეგაციების სხვა წევრებს, მაგრამ კორონავირუსის გამო, ცერემონიის მასშტაბების შემცირება გადაწყდა.
„ათლეტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თამაშებზე მუშაობის გასამარტივებლად, აუცილებლად მივიჩნევთ თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების მონაწილეთა რაოდენობის გადახედვას, ასევე იმას, აღლუმის მონაწილეები რა გზით შევლენ სტადიონზე," - ნათქვამია ტოკიო-2020-ის განცხადებაში.