ომბუდსმენი ნიკა გვარამიას საქმეზე: სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების კონსტიტუციური უფლება უნდა გამოიყენოს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მიმართ შეწყალების კონსტიტუციური უფლება უნდა გამოიყენოს.

"დავასაბუთეთ, თუ რატომ იყო ეს ის შემთხვევა, სადაც პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა შეწყალების კომპეტენცია და, რა თქმა უნდა, ამ აზრზე ვრჩები, იმიტომ რომ ერთის მხრივ, ეს არის ექსკლუზიური კომპეტენცია, ეს არის ნამდვილად პოლიტიკური კომპეტენცია პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გვარამიას საქმეში არსებობს ძალიან სერიოზული სამართლებრივი პრობლემები, ბრალი არის დაუსაბუთებელი და საერთოდ ვფიქრობ, რომ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნებიც კი არ არსებობდა", - განაცხადა ლომჯარიამ.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.


„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა.

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო.

საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.