იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადასულია აბსოლუტურად ახალ ეტაპზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროპასა და აზიას შორის იმ დერეფანში მშვიდობის შენარჩუნებას, სადაც საქართველო მდებარეობს, რათა ევროპაც უზრუნველყოფილი იყოს ალტერნატიული გზებით აზიის ქვეყნებიდან, ენერგო რესურსების თუ სხვა რესურსებით მომარაგების კუთხით. ჩვენ საპარლამენტო თანამშრომლობაზე გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს ჰქონდეთ გაცვლა მოსაზრებების და თანამშრომლობის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მალევე შედგება საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იაპონიაში.
ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ამ ვიზიტებით ძალიან გამყარდება ურთიერთობა ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით ეს შეეხება იაპონიის მხრიდან გამოჩენილ განსაკუთრებულ დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკაში მონაწილეობის მხრივ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.