„ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიში განიხილეს. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი უძღვებოდა.
მან პროცესს რთული უწოდა, თუმცა მასში კონსტრუქციული მიდგომისთვის ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა.
ვფიქრობ, შევძელით კომპრომისული ტექსტის წარმოდგენა, რომელიც გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ტექსტი ადეკვატურად ასახავს ასოცირების შეთანხმების პროგრესს და პარლამენტის პოზიციას, თუ რისი გაკეთებაა საჭირო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რათა სისრულეში მოვიდეს მოსახლეობის ლეგიტიმური იმედები და მისწრაფებები. ეს ასევე ასახავს გამართლებულ კრიტიკას სხვადასხვა სფეროში საქართველოს ხელისუფლების ქმედებასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს მოსახლეობას შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს მათ მისწრაფებას და ევროპული ინტეგრაციის პროცესს“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.