თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქეთევან დედოფლის გამზირზე ორშაბათიდან გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მთლიანად გაიხსნება.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის პროექტით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება
“პროექტის ფარგლებში ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე გამზირს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედაპირული სამუშაოებით. გვინდა, რომ სიღრმისეულად მოწესრიგდეს ქუჩები, გამზირები მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ახალი განათების ქსელით და ბოძებით და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაკეთდა ქეთევან წამებულის გამზირზე. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა გამწვანების სამუშაო, მოეწყო ახალი მოსაცდელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლოს გადაადგილება. ჩვენი მიზანიც ზუსტად ის არის, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, სადაც შესაძლებელია ასეთი ზოლების მოწყობა და სივრცეების გაჩენა იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა სწრაფად გადაადგილება შეძლოს, აღნიშნული პროექტი ყველგან განხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა.
„ერთადერთი რჩება ავლაბრის მეტროს ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. მთლიანად გამზირზე კი, ორშაბათიდან იქნება შესაძლებელი ავტომობილებით გადაადგილება თავისუფლად და ყოველგვარი შეფერხებების გარეშე", - აცხადებს კალაძე.