„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნის თაობაზე თანაპარტიელების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კოლეგების ბრიფინგზე „ახალი არაფერი თქმულა".
„მსურს, ყველამ იცოდეს - მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები, მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. მით უმეტეს, შიდა პარტიულ არჩევნებში და მით უმეტეს მაშინ, როცა არცთუ ისე ცოტა სათქმელი დამიგროვდა. ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ, როდესაც გნებავთ, მე მზად ვარ ამ არჩევნებისათვის“, - განაცახდა მელიამ.
მისივე თქმით, უახლოესი პერიოდი აუცილებლად გამოაჩენს, რა იყო ამ საკითხის ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად გამოტანის რეალური მიზეზეზი და მიზანი, მით უმეტეს, რომ დღეს მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი შეფასებები.
„სწორედ ამ კონსულტაციების ფარგლებში, მე პარტიის შიგნით არჩევნების საკითხი ღიად დავაყენე თვენახევრის წინ - გავაკეთე ეს საკუთარი ინიციატივითა და იმ ადამიანების თანდასწრებით, ვინც დღეს ითხოვს არჩევნებს. არჩევნების საკითხზე იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი იყო მხოლოდ, როდის და როგორ ჩატარდებოდა არჩევნები.
თუ რაიმე არის ჩემთვის კომფორტული - არის არჩევნები, ღია საჯარო და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის ჩართულობით. არჩევნები, სადაც ათობით ათასი პარტიის მხარდაჭერი მიიღებს მონაწილეობას, სადაც ათი ათასობით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერსთვის მექნება სიმართლის თქმის საშუალება, რათა მათ გააკეთონ გააზრებული და პარტიისა და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული არჩევანი“, - აღნიშნა მელიამ.