უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადებას, მორიგ „კვამლის საბურველსა“ და „გადაჯგუფების იმიტაციას“ უწოდებს.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ Facebook-ზე დაწერა.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, „კვამლის მორიგი საბურველია“. რუსეთის ოფიციალურს პირებს მოლაპარაკებები მაშინ ახსენდებათ, როდესაც რუსული ჯარები ბრძოლის ველზე მარცხდებიან. მოსკოვი არ არის დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობის აღდგენით“, - განაცხადა ნიკოლენკომ.
მისივე თქმით, „დიალოგისთვის მზადყოფნის იმიტირებით, რუსეთი ცდილობს მოიგოს დრო ქვედანაყოფების გადაჯგუფებისთვის, ახლად მობილიზებულთა წვრთნების, იარაღის ნაკლებობისა და ლოგისტიკის ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რათა შემდეგ განახლებული ენერგიით მიმართოს აგრესიის ახალ ტალღებს“.
„ჩვენ ეს უკვე გავიარეთ 2014-2015 წლებში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა.