ილია დარჩიაშვილი: იან ლიპავსკის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს. ამის შესახებ მან ჩეხ კოლეგა, იან ლიპავკისთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს ერთგული მოკავშირე და მხარდამჭერია.

„განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავკის ვიზიტი ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება, რაც ერთის მხრივ, ჩვენი გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია, მეორეს მხრივ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს. ამ ურთულეს და გამოწვევებით აღსავსე დროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უახლოესი პარტნიორების თანადგომას. ვაფასებთ, რომ ჩეხეთი ჩვენი ერთგული მოკავშირე და მხარდამჭერია“,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

მისი თქმით, ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობას, ასევე, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და განათლების მიმართულებებით.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპული პერსპექტივის აღიარებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გაუხსნა კარი და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანა.

„ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების გზავნილი, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, წარმოადგენს ძლიერ მოტივაციას, რათა წარმატებით გავიაროთ ამ გზის ყოველი ეტაპი“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.


მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის სტრატეგიულ როლსაც და ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელობაზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების პროცესში.

მისივე თქმით, ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებაზე უსაფრთხოების სფეროში, რაც ხაზგასმულია ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის დოკუმენტშიც. მინისტრის თქმით, საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რეგიონში. მისი თქმით, წლის ბოლომდე დაგეგმილია მნიშვნელოვანი მაღალი დონის ვიზიტები ბრიუსელიდან, რაც კარგი შესაძლებლობა იქნება საერთო ინტერესის საკითხებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების განსახილველად.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩეხეთის მხარდაჭერით, საქართველოში განხორციელებული პროექტები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციისა და რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

დარჩიაშვილის განცხადებით, კოლეგასთან საუბრისას ქართული მხარის მიერ აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება. მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ჩეხეთს შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში.

ილია დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერია NATO-ში ინტეგრაციის პროცესშიც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც.

მათი ინფორმაციით, იან ლიპავსკი გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება.