საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს კიმ ჩინ-ფიოს შეხვდა.
როგორც აღინიშნა, მხარეებმა დადებითად შეაფასეს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის დინამიური და ნაყოფიერი ურთიერთობები და გამოხატეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.
შეხვედრაზე ისაუბრეს კომიტეტების, მეგობრობის ჯგუფებისა და ადმინისტრაციების დონეზე საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე.
აგრეთვე, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, კულტურის, ვაჭრობის, პირდაპირი ფრენების, ტურიზმის, განათლების, თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებებით.
შალვა პაპუაშვილმა, კოლეგას, კორეის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი თანმხლები დელეგაციის მიერ კორეის რესპუბლიკაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი.