საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი შესრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჩიხლაძემ მიულოცეს.
„ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას.
ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით დაჯილდოვნდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრებიც გადასცეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღეც გაიმართა. სამხედრო ბაზას ვაზიანის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ და სამხედრო ტექნიკის გამოფენა დაათვალიერეს. საზეიმო ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
მე-5 საარტილერიო ბრიგადას დიდი საბრძოლო ისტორია აქვს. 2018 წლის ივნისში სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა, რომლის შედეგად პირველი საარტილერიო ბრიგადა აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადად ჩამოყალიბდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.