შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, დანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი (ტანკერი) „STEN NEPTUN" დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
"გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმის წარმოება, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „თ" ქვეპუნქტით დაიწყეს.
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.