ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში, ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, რადგან არსებულს სწორედ დეკემბერში გასდის ვადა, თუმცა ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მარეგულირებელი კომისია აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას და მინდა გითხრათ, რომ ელექტროენერგიის სექტორში ზაფხულის სეზონთან შედარებით, ზამთრის სეზონში 15-16%-ით მეტია, როგორც წესი, ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი აირის მოხმარებას, 5-ჯერ უფრო მეტია ზამთრის პერიოდში. ეს განპირობებულია იმით, რომ ზამთრის სეზონზე ადრე ღამდება, მთელი რიგი დენმიმღებებისა და გაზის გამათბობლების ჩართვა უფრო ადრე ხდება საჭირო, შესაბამისად, მოხმარება უფრო იმატებს, შესაბამისად, დარიცხვის მოცულობა და გადასახდელი თანხის მოცულობაც მოიმატებს.
დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ვინაიდან მოქმედ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა, თუმცა არსებული კურსის პირობებში, ჩვენ ზრდას ამ ნაწილში არ ველოდებით“, - განაცხადა ნარმანიამ.