ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე: ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - იგეგმება ზურგის ტვინიდან სითხის აღება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მისი თქმით, იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება, კერძოდ, ზურგის ტვინიდან სითხის აღება.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა გუშინ, ძალიან ცუდად იყო. როგორც იცით, ნობელის ლაურიანტმა ექიმმა, კობიმ, გასცა რეკომენდაცია მის მხართან და სახსრებთან დაკავშირებით, როგორც ჩანს ეს გაურთულდა და ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილი. ახლა მივდივარ, რომ გავარკვიო.

იგეგმება კიდევ სხვა დამატებითი კვლევები. კერძოდ, ზურგის ძვლიდან სითხის აღება, ტუპერკულიოზთან დაკავშირებით“, - აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.