ხერსონის მერის მრჩევლის განცხადებით, ქალაქში ახლა საკვების, სუფთა წყლისა და მედიკამენტების დეფიციტია, თუმცა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უკვე დაიწყო.
ხერსონის მერის მრჩეველმა რომან გოლოვნიამ უკრაინული არხების ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ამ დრომდე ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთის მცირე ნაკადი შემოვიდა.
„რაც შეეხება ჰუმანიტარულ კატასტროფას, ვითარება რთულია, რადგან ოკუპანტებმა და კოლაბორატორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქალაქში დარჩენილმა ადამიანებმა რთული დღეები, კვირები, თვეები რაც შეიძლება მძიმედ გადაიტანონ. ახლა ქალაქს არ მიეწოდება წყალი, რადგან ქალაქში წყალმომარაგება პრაქტიკულად არ არის. არ არის საკმარისი სამედიცინო დაწესებულებები, არ არის საკმარისი პური, რადგან არ ცხვება, რადგან ელექტროენერგია არ არის. პრობლემებია საკვებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება“, - განაცხადა გოლოვნიამ.
2022 წლის 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონიდან მათი ძალების გაყვანა დასრულდა.
11 ნოემბერს, დილით ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, რომლებშიც ჩანდა, რომ ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა ფრიალებდა. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა სამხედროების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის ვიდეოები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში უკრაინელი სამხედროების ქალაქ ხერსონში შესვლას, ისტორიული უწოდა.