უკრაინის არმია ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ნაწილში, რუს სამხედროებსა და აღჭურვილობას ეძებს

უკრაინის არმიის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი" ყოველდღიურ ანგარიშში იუწყება, რომ მისი ქვედანაყოფები ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე რუს სამხედროებსა და აღჭურვილობას ეძებენ.

იპოვეს თუ არა რეალურად მიტოვებული რუსი სამხედროები და აღჭურვილობა, უკრაინის არმიის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი" არ აკონკრეტებს.

სხვადასხვა უკრაინულმა წყარომ უკვე გაავრცელა რუსი ჯარისკაცების ფოტოები, რომლებიც სავარაუდოდ სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ გადაცმული. ვრცელდება ვიდეო, სადაც ორი დატყვევებული სამხედრო ჩანს, თუმცა ამ ფაქტის ოფიციალური დადასტურება არ მომხდარა. 

2022 წლის 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონიდან მათი ძალების გაყვანა დასრულდა. 

11 ნოემბერს, დილით ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, რომლებშიც ჩანდა, რომ ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა ფრიალებდა. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა სამხედროების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის ვიდეოები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში უკრაინელი სამხედროების ქალაქ ხერსონში შესვლას, ისტორიული უწოდა.