„ჩვენმა დიდმა წინაპრებმა სიკვდილი ამჯობინეს ქრისტესთვის, ვიდრე ღალატი რჯულისა და ქრისტიანობის - როდესაც ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, ჩვენს მომავალზე. რომელი იყო ჩვენი ერის გადამრჩენელი გზა? - ეს გზა იყო ქრისტეს გზა, ქრისტესთვის თავგანწირვის გზა, მხოლოდ ამ გზით უნდა იაროს ჩვენმა ერმა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) მეტეხის ხიდზე ქადაგებისას განაცხადა, სადაც ასი ათასი მოწამის ხსენებასთან დაკავშირებით პარაკლისი ჩატარდა.
„ჩვენმა დიდმა წინაპრებმა სიკვდილი ამჯობინეს ქრისტესთვის, ვიდრე ღალატი რჯულისა და ქრისტიანობის. მათ ესმოდათ, რომ ეს არის მათი სულის საცხოვნებლად და ჩვენი ერის გადასარჩენადაც. ასეთი საოცარი წინაპრები გვყავდა. გახსოვთ, ჩვენი დიდი კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი ამბობდა: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს“. ეს გვიანდერძა მან. 100 ათასმა მოწამემაც ეს გვიანდერძა, ქრისტესთვის სიცოცხლე და ქრისტესთვის სიკვდილი.
როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენს მომავალზე, რა გზით უნდა ვიაროთ. რომელი იყო ჩვენი ერის გადამრჩენელი გზა? ეს გზა იყო ქრისტეს გზა, ქრისტესთვის თავგანწირვის გზა, მხოლოდ ამ გზით უნდა იაროს ჩვენმა ერმა. ამაზე შესანიშნავად წერს ჩვენი კიდევ ერთი დიდი თავგანწირული მოღვაწე, წმ. ილია მართალი ჭავჭავაძე.
ის ამბობდა, რომ მხოლოდ ქრისტიანობამ გადაარჩინა საქართველო. მხოლოდ, ქრისტიანობამ შეგვინარჩუნა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ეროვნება, ენა, ვინაობა.
შემდეგ დასძენს, რომ საქართველო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის, მაგრამ, არავის არ შეარყევინა თავისი გული, ამ გულში ღრმად გაბნეული ჯვარი ქრისტესი. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს წმ. ილია მართალი. დღეს, როდესაც ვიხსენიებთ 100 ათას მოწამეს, ჩვენ ვევედრებით მათ, რომ მათი ლოცვით ღმერთმა მოგვცეს ცოტა მაინც, მათი სიმამაცე, მათი სარწმუნოება, დავუპირისპირდეთ იმ უღმერთო ძალებს, რაც მძლავრობს დღეს სამყაროში. ის დიდი მოწამეები არ უშინდებოდნენ სიკვდილს, როდესაც მიჰყავდათ სატანჯველად.
არ ეშინოდათ წარმართების.
ჩვენ კი, სამწუხაროდ, ხშირად ვუთმობთ ჩვენს გულსაც და გონებას უღმერთო ფასეულობებს, უღმერთო ცხოვრების წესს, თითქოს მორწმუნენი გვქვია, მაგრამ ვცხოვრობთ როგორც ყველა. ამ ყველაფერზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს.
გვწამს, რომ ისინი ჩვენთან ერთად ლოცულობენ. ლოცულობენ საქართველოს კეთილდღეობისთვის, სიმშვიდისთვის, გამთლიანებისთვის, საქართველოს გამარჯვებისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ. უფალმა ინებოს, რომ წმინდა ასი ათასი მოწამის ლოცვით და მფარველობთ უფალმა გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
როგორც ის განმარტავს, დღეს განსაკუთრებით ამაღლებული დღეა საქართველოსთვის და საქართველოს ეკლესიისთვის.
გილოცავთ დღევანდელ დღეს, ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვასა და ლოცვა-კურთხევას. დღეს განსაკუთრებით ამაღლებული დღეა საქართველოსთვის და საქართველოს ეკლესიისთვის.
ეს არის ზეიმი სულისა, გაბრწყინვება სულისა.
საერთოდ, როდესაც ეკლესია აღნიშნავს ასეთი მნიშვნელობის მოვლენებს, ეს არ არის მარტო ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ეკლესიაში, ჩვენ არ ვიხსენებთ მხოლოდ დიდ ადამიანებს, თავგანწირულ ადამიანებს, ესეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთვის მოწამეთა ხსენებისას ცოცხლდება ეს მოვლენა. ეს არ არის მხოლოდ წარსული და წარსულის დიდება. ჩვენთვის მოწამენი ცოცხალნი არიან.
ისინი ერთიანდებიან მიწიურ ეკლესიასთან ჩვენთან ერთად. ჩვენ გვწამს, რომ ისინი დღეს ჩვენთან ერთად დგანან აქ, ჩვენთან ერთად ლოცულობენ ჩვენი ქვეყნისთვის და გვწამს, რომ მათი ლოცვით უფალი გვისრულებს ჩვენ ჩვენს სათხოვარს“,- აღნიშნა მეუფე შიომ IPN-ის ცნობით.