თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებები სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების ზრდა და შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება იქნება.
მისივე თქმით, მომავალ წელს თავდაცვის უწყება 25%-ით გაზრდილ ბიუჯეტს მიიღებს; ეს ბიუჯეტი არის დივერსიფიცირებული ასევე, ხარჯვით ნაწილშიც.
"ჯუანშერ ბურჭულაძემ პრემიერ-მინისტრის დაპირება კიდევ ერთხელ აღნიშნა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „თქვენ ნახეთ პრემიერის დაპირება, რომ იანვრიდან ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება. 2024 წლის იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება კიდევ 20 პროცენტით გაიზრდება. ეს გაგვიყვანს იმ შედეგზე, რა მიზანსაც ჩვენ ვისახავთ. აქაც ვიქნებით ძალიან პრინციპულები. მადლობა მინდა, გადავუხადო პრემიერს დიდი მხარდაჭერისთვის ყველა მიმართულებით“.
მომავალი წლის ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად თავდაცვის მინისტრმა შეიარაღების შესყიდვა დაასახელა და აღნიშნა, რომ 2023 წლის დასაწყისში შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდება. „შესყიდვების ბიუროკრატიული ნაწილი უკვე თითქმის დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან რთულია, მარტივად აღარ არის ხელმისაწვდომი შეიარაღება არც ევროპაში და მთელს მსოფლიოში, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და ეს პროცესი გავიარეთ. 2023 წლის დასაწყისში ჩვენ დავდებთ რამდენიმე მსხვილ შესყიდვის ხელშეკრულებას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან“, - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ბიუჯეტის კონტექსტში მიმდინარე წელიც მიმოიხილა და განმარტა, რომ ასიგნება თავდაცვის უწყებას ბოლო კვარტალში გაეზარდა 90 მილიონით, რომლიდანაც 10 მილიონი სესხის ეკონომიის შემცირებით მოხდა და შესაბამისად, ასიგნებაში დაემატა. „წელს ჩვენ ამ ბიუჯეტით კიდევ მოვამატეთ ანაზღაურება, კიდევ უფრო მეტი ხელშეკრულების დადების საშუალება მოგვეცა. ხელფასები წელს გავზარდეთ 20-დან 25 პროცენტამდე სამხედრო მოსამსახურეებისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.