14 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „კარწახი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 74 860 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.