რა მისიით ეწვია ოლივერ ვარჰეი საქართველოს

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ოფიციალური ვიზიტი, პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტია მას შემდეგ, რაც საქართველომ ივნისში ევროპული პერსპექტივა მიიღო. 15 ნოემბერს, ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ქართულ მედიასთან ისაუბრა ევროკომისრის ვიზიტის მიზნებზე.

ის „გულწრფელად იმედოვნებს, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.

ელჩის სიტყვებით, მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაცია, ასევე, კონომიკური და საინვესტიციო გეგმა განიხილება.

„არსებობს ვიზიტის ორი ძირითადი მიზეზი. პირველი არის 12 რეკომენდაციასთან და მის განხორციელების გზასთან დაკავშირებული განხილვა, მეორე მიზეზი კი არის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ჩვენს პროექტებთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკის განვითარება ევროკავშირის მხარდაჭერით.

ეს ეხება მდგრადობას, დაკავშირებულობას, ციფრულ და მწვანე ეკონომიკას. ყველა ეს საკითხი განიხილება დღეს და ხვალ. ძალიან დატვირთული პროგრამა გვაქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით.

ჩვენ ასევე შევხვდებით პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს. გვექნება შეხვედრები პარლამენტში ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.