3,9 მილიარდი ევრო შემოვა საქართველოში, საჯარო და კერძო სექტორში. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიხარია, რომ ვხედავ და ვამბობ, რომ ამ პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩაეშვა, დაიწყო. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, როდესაც ჩამოვალ, უკვე შედეგებსაც დავინახავთ - ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვარჰეის განცხადებით, ამ მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილი უკვე დაიწყო და შავი ზღვა ევროკავშირის გეგმების ცენტრია.
„რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ შავი ზღვის ელექტროსადენი ძალიან სიმბოლური მნიშვნელობის არის ყველასთვის. სიმბოლური ისტორიულად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური, რადგან ყველანი დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები.
სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები, იქნება ეს უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში და საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო, საიმედო პარტნიორი, მოკავშირე. ჩვენ ვქმნით ჩვენს პარტნიორობას ჩვენს ირგვლივ და გზავნილი, რომელიც ჩამოვიტანე საქართველოში, ასეთია: გვინდა პარტნიორობა ამ მიმართულებით, რათა დამყარდეს ენერგოუსაფრთხოება საქართველოში, კავკასიასა და ევროპაში. მიმაჩნია, რომ ამ კაბელით ჩვენ შევძლებთ ამ მიზნის შესრულებას“, - განაცხადა ვარჰეიმ.
მისივე თქმით, ღრმაწყლოვან ელექტროკაბელის პროექტზე მუშაობა უნდა დაჩქარდეს.