მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ ყველაზე მეტი წილი პარლამენტის გასაკეთებელია - ოლივერ ვარჰეი

რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს წინ, ევროპის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი და ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულება და რა თქმა უნდა, მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ ყველაზე მეტი წილი აქ პარლამენტის გასაკეთებელია, ამიტომ მივდივარ პარლამენტში და მათთან შევაჯერებ პოზიციებს.

„ვხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები და შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში. ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12 პრიორიტეტი შესრულდეს. რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: უკვე ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით,სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით. საქართველოს ამ მიმართულებით პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით.

საქართველო საკმაოდ წინ არის, თუმცა, ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი.

მესმის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო. გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბროლა ორგანიზებულ დანაშაულთან და დანარჩენი კარგად მოგეხსენებათ 12 -დან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპის გზაზე. მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო ამ დათქმებს, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რომელიც თქვენკენ მოდის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე და მყისიერად მიხვდება ქვეყანა ეკონომიკური გააქტიურების, ადგილობრივი სამუშაო ძალის, სოციალური სტაბილურობის სახით. ამიტომ, ვფიქრობ, დასაკარგი დრო არ გვაქვს.

ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ვიმუშაოთ და დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ყველა ნაბიჯში შეგიწყოთ ხელი იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი, როდესაც გაწევრიანების შესახებ განაცხადა. ამიტომ, მზად ვართ, ამ მიმართულებით თქვენთან ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ვარჰეიმ.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.