ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს იმ სირთულეების დაძლევაში, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს. ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრული მხარდაჭერის ერთგულია.
„როდესაც საქართველოში ხარ, ვერ აცდები საუბარს იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. ომი უკრაინაში, ისევე როგორც 2008 წლის ომი საქართველოში, ცხადყოფს, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომლებიც რუსეთის აგრესიას განიცდიან.
ამიტომ, კვლავ მინდა ხაზი გავუსვა ჩემს გზავნილს, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს სრული ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც ამ აგრესიის საფუძველზე არსებობს“, - განაცხადა ვარჰეიმ.