ოლივერ ვარჰეი: პოზიტიურ ძვრებს ვხედავთ სასამართლო რეფორმის კუთხით, გვჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპის გზაზე.

ევროკომისრის თქმით, საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი და ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულება.

„ვხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები და შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში. ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12 პრიორიტეტი შესრულდეს.

რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: უკვე ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით.

საქართველოს ამ მიმართულებით პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. საქართველო საკმაოდ წინ არის, თუმცა ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. მესმის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო.

გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბროლა ორგანიზებულ დანაშაულთან და დანარჩენი კარგად მოგეხსენებათ 12-დან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპის გზაზე.

მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო ამ დათქმებს, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რომელიც თქვენკენ მოდის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე და მყისიერად მიხვდება ქვეყანა ეკონომიკური გააქტიურების, ადგილობრივი სამუშაო ძალის, სოციალური სტაბილურობის სახით.

ამიტომ, ვფიქრობ, დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ვიმუშაოთ და დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ყველა ნაბიჯში შეგიწყოთ ხელი იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი, როდესაც გაწევრიანების შესახებ განაცხადა. ამიტომ, მზად ვართ, ამ მიმართულებით თქვენთან ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.