"დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით - მაია ცქიტიშვილი", - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. პირველ რიგში ეს არის გლობალური პანდემია და გლობალური ეკონომიკური კრიზისი.
საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში პირდაპირ არის გაწერილი პრიორიტეტები - ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია, ინტეგრაცია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი მიზნის - ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ყველა ეკონომიკური რეფორმის ეფექტურობა უახლოეს წლებში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, რათა გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და 2024 წლისთვის საქართველო იყოს მზად ხმამაღალი და დამსახურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა და ამიტომ, დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით - მაია ცქიტიშვილი“, - განაცხადა გახარიამ.