ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ნ.მ.-სა და ნ.ა.-ს როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა - 149,73 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 16 100,07 ლარის ოდენობით შეეფარდათ.