სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ჩართულობა და ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტები იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხვილვის საგანი. შეკრებას დემოკრატი სენატორი, კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი უძღვებოდა. სხდომაზე მიწვეული იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი. მან რეგიონში აშშ-ის ინტერესების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ რა აშშ-ის ინტერესების წინსვლისთვის რეგიონში, მე მივესალმები და ვაფასებ თქვენს რჩევას. სომხეთსა და აზერბაიჯანს ისტორიული შესაძლებლობა აქვთ, დაამყარონ გრძელვადიანი მშვიდობა“, - განაცხადა დონფრიდმა და ამ კონტექსტში მდივან ბლინკენის ძალისხმებას გაუსვა ხაზი, რომელმაც არაერთი შეხვედრა და სატელეფონო ზარი გამართა მხარეებთან.
„ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანისა და სომხეთის წახალისებას, რომ მათ განაგრძონ მოლაპარაკებები და ამას ვაკეთებთ მჭიდრო პარტნიორობით ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან. ჩვენ დადებითად ვაფასებთ თურქეთისა და სომხეთის დიალოგს ურთიერთობების ნორმალიზებაზე და ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. რეგიონში სტაბილურობის გაზრდის პოტენციალი ჩნდება. ეს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და სასტიკი ომის ფონზე“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესია. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის ურთიერთობები სომხეთთან, არასდროს ყოფილა ასეთი მყარი. კარენ დონფრიდის თქმით, ის მომავალ კვირას ერევანში გამართულ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას.
ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ადამიანის უფლებების საკითხი, აზერბაიჯანისთვის გამოწვევად რჩება.
„ამერიკელი ხალხი დიდი ხანია, სოლიდარულია საქართველოს მისწრაფებისადმი, იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანა, საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, ვმუშაობთ საერთო მიზნისკენ - საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში. აშშ-მ საქართველოს დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა.
მისივე თქმით, აშშ ეხმარება ქართველი სამხედროების წვრთნებს, რომ მათ შეძლონ ქვეყნის ტერიტორიის დაცვა.
„ეს დახმარება მხარს უჭერს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელონ საჭირო რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სამხრეთ კავკასიის ხალხი იმსახურებს მშვიდობას, ეს ადმინისტრაცია სრულად უჭერს მხარს ამ მიზანს“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა.
ამავე სხდომაზე კარენ დონფრიდს ჰკითხეს, რა სტრატეგია აქვს ამერიკას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით და როგორ უნდა იყოს პროგრესი მიღწეული.
„აშშ საქართველოს ახლო პარტნიორია ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მათ შორის ევროატლანტიკური კავშირების განვითარებით“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა.
სენატორ ბენ კარდინის კითხვას, ვხედავთ თუ არა პროგრესს ახლა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უპასუხა:
კარენ დონფრიდმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა, იმ პერიოდში ქვეყანა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების (კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, რედ.) მოლოდინში იყო.
„მე ვიყავი საქართველოში იმ დღეს, როდესაც ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ კვირაში ევროპული საბჭოსგან მოვიდა, რომ საქართველოს მიენიჭებოდა ევროპული პერსპექტივა, როცა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ და ეს ძალიან ემოციური იყო საქართველოში.
მქონდა ლანჩი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც ცრემლებს ვერ იკავებდნენ, რადგან საქართველო, როგორც იცით, იყო ლიდერი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ის, რაც საქართველოსთან დაკავშირებით მაწუხებს... ქართველების 85 პროცენტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ვფიქრობ, ეს ახდენს ზეწოლას მთავრობაზე.
ჩვენ ვეუბნებით საქართველოს მთავრობას, რომ ვუერთდებით ევროკავშირის იმ რეფორმების სიას, რომლის გატარებისკენაც ევროკავშირი მოგიწოდებთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ თქვენ განახორციელებთ ამ რეფორმებს და ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ პროგრესი იქნება, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად შეშფოთებულები ვართ, რომ დღეს პროგრესის ნაკლებობა არსებობს.
თქვენ საუბრობდით ჩვენი ელჩის მიმართ კრიტიკაზე.
„საქართველოში ჩვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკაა. მინდა ვუთხრა კომიტეტის წევრებს, რომ ის არის საქართველოში აშშ-ის ფანტასტიკური წარმომადგენელი და მე მას მხარს დავუჭერ ნებისმიერ დროს ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და მიუხედავად იმისა, რომ ეს არიან ჯგუფები, რომლებიც არ არიან მთავრობის ნაწილი, ზოგიერთ მათგანს, რომელიც უაღრესად და არასწორად კრიტიკულია ელჩის მიმართ, აქვს ახლო კავშირები მთავრობასთან და ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს შორის პარტნიორობა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და სურს, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, მის აშშ-სთან ურთიერთობებზე და მის დემოკრატიაზე. ასე, რომ მჯერა, რომ ჩვენი უწყვეტი ჩართულობა და მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და სამხრეთ კავკასიისთვის“, - დაამატა კარენ დონფრიდმა.
ამის შემდეგ, სხდომა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაგრძო.
ჯინ შაჰინმა კავკასიაში მშვიდობის დამყარებისთვის საქართველოს მხრიდან პოზიტიურ მცდელობებს ხაზი გაუსვა, თუმცა აღნიშნა, რომ რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა.
„ჩვენ მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე, ერთი მხრივ ვამტკიცებ, რომ ეს დახმარება, შესაძლოა, საქართველოს ქმედებებს უნდა დავუკავშიროთ, მაგრამ ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდისას, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა და პალატის წევრებმა დამარწმუნეს, რომ ამის გაკეთება შესაძლოა, არ იყოს კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, საჭიროა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე", - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.
„ჩვენ გამოვთქვით წუხილები იმ შემაშფოთებელ განცხადებებთან და ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან ვიხილეთ, მაგრამ როგორც აღვნიშნე, არ ვფიქრობ, ეს გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს“, - უპასუხა კარენ დონფრიდმა.
სენატორი შაჰინი დონფრიდის მოსაზრებას დაეთანხმა, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ საჭიროა, მთავრობა უფრო მეტად ანგარიშვალდებული იყოს ხალხის წინაშე.
„საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ვიფიქროთ იმ ვარიანტების შესახებ, რომლებიც ჩვენ უნდა ვცადოთ და პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ ამისთვის, რადგან მათ იცოდნენ, რომ არსებობს შედეგები და ზოგიერთი ასეთი შედეგი შეიძლება, იყოს ისეთი სახის დახმარება, რომელიც ჩვენ მზად ვართ, გაგიწიოთ.
მე სრულიად ვეთანხმები, რომ ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე აქ, ეს მათი მთავრობაა, მაგრამ მათ უნდა მოითხოვონ თავიანთი ხელისუფლებისგან მეტი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სენატორმა გაამახვილა ყურადღება, შავი ზღვის რეგიონია. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, როდესაც რუსეთის ომს აწარმოებს უკრაინაში.
სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას.
„ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის შემდეგ, ყველა ჩვენგანი ამახვილებს ყურადღებას შავი ზღვის რეგიონის მიმათ. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე.
ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე.
თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე.
მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.
სტრატეგიასთან დაკავშირებით ჯინ შაჰინის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ, დონფრიდმა განაცხადა, რომ ამჟამად, კონკრეტული გრაფიკი არ არსებობს.