„ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს მდგრად და მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებებს, ასევე, სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შავი ზღვის ყველა ქვეყნისთვის კეთილდღეობისა და საზოგადოების მდგრადობის განვითარების მიზნით. ეს მოიცავს საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას და უკრაინისთვის MAP–ის მინიჭებას“, - ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაური, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი ამ ნაბიჯებს რუსეთის მორიგი პროვოკაციების წინააღმდეგ დასავლეთის პრევენციულ ქმედებად განიხილავს.
როგორ უნდა იმოქმედონ უკრაინამ და დასავლეთმა რუსეთის მორიგ პროვოკაციებთან დაკავშირებით, რა იქნებოდა აშშ-ის უფრო ქმედითი ნაბიჯები რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე შავი ზღვის ქვეყნების ირგვლივ; როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველო რუსულ დეზინფორმაციულ გავლენას და ანაკლიის პროექტის განხორციელება იქნებოდა თუ არა კონკრეტული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოზიციონირების? ამ და სხვა საკითხებზე Europetime ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილ მეთაურს, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგეს, ბენ ჰოჯესს ესაუბრა.
_ბატონო გენერალო, ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში სიტუაცია დღითიდღე მწვავდება, რა რეაგირებაა საჭირო, რუსეთის მორიგ პროვოკაციებთან დაკავშირებით, როგორ უნდა იმოქმედონ უკრაინამ და დასავლეთმა?
მე ვხედავ სამ რამეს, რაც ახლა უნდა მოხდეს გამოცხადებული სანქციებისა და მიმდინარე სამხედრო მხარდაჭერის (ტერნინგები და აღჭურვილობა) გარდა.
1. ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩვენს მოკავშირეებთან (განსაკუთრებით გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან) კოორდინაციით, ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ რუსეთის შემდგომი თავდასხმები მიუღებელია და უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა ყველა ჩვენგანის პრიორიტეტია. გერმანიას და საფრანგეთის ჯერჯერობით საკმარისად მკაცრად არ დაუგმიათ კრემლის მოქმედებები, ამიტომ, ბაიდენის ადმინისტრაციას ამ მხრივ, ბევრი სამუშაო აქვს.
2. ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა განაგრძოს ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხარდაჭერა ეკონომიკური და სამხედრო დახმარებებით და გაზარდოს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, ამავე დროს, ხელი შეუწყოს უკრაინის მთავრობას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ქვეყანაში არსებული არაეფექტურობის და კორუფციის აღმოსაფხვრელად, რათა ამგვარად, მთავრობამ უკრაინელი ხალხის ნდობა მოიპოვოს და საზოგადოების მდგრადობა გააძლიეროს, რაც აუცილებელია კრემლის დეზინფორმაციული მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. აქვე დავამატებდი, რომ რადამ უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტის კონტროლი და სრული გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს.
3. ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს მდგრად და მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებებს, ასევე, სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შავი ზღვის ყველა ქვეყნისთვის კეთილდღეობისა და საზოგადოების მდგრადობის განვითარების მიზნით. ეს მოიცავს საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას და უკრაინისთვის MAP–ის მინიჭებას.
_ჩვენ მოვისმინეთ მკაცრი შეფასებები და განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და პირველი პირის მხრიდანაც რუსეთთან მიმართებით, რა იქნებოდა უფრო ქმედითი ნაბიჯები ამ ვითარებასა და სიტუაციაში, რაც ახლა შექმნილია რეგიონში, როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე შავი ზღვის ქვეყნების ირგვლივ?
1. გერმანიამ და საფრანგეთმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ კრემლზე ზეწოლის მოსახდენად, რათა მან შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები ეუთოსთან მიმართებით და სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის თვალსაზრისით. 2. საჯაროდ დაეკისროს პრეზიდენტ პუტინს პირადი პასუხისმგებლობა ბატონი ნავალნის ჯანმრთელობაზე. 3. გაზრდილი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აშშ-ს, უკრაინას, რუმინეთსა და საქართველოს შორის.
4. შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის გაზრდილი პრიორიტეტულობა, რაც თავისთავად გულისხმობს გაზრდილ რესურსებსაც, განსაკუთრებით აშშ-ის საზღვაო ძალების სტაბილურ ყოფნას შავ ზღვაში, მონტროს კონვენციის პარამეტრების შესაბამისად. 5. გამოცხადდეს ყოველწლიური სამხედრო სწავლებების პროგრამა, რომელიც გააერთიანებს საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და სპეციალური ძალების წვრთნებს რეგიონში.
_ჩვენს გამოცემასთან საუბარშიც არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ესმის და ის არ გავაღიზიანოთ ლოზუნგი, თუნდაც NATO-ში არ მიღების ხარჯზე საქართველო-უკრაინის - და ასე შემდეგ მხოლოდ კონტრპროდუქტიული ქმედება იქნება. ჩვენ ისიც ვიცით, როგორ ახალისებს რუსეთი ამ ქვეყნების შიდა დაპირისპირებებს და პოლიტიკურ კრიზისებს. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, ყველა გამოკითხვის მიხედვით, სურს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მიისწრაფვის ამისკენ. მაგრამ, სწორედ რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციული და ანტიდასავლური კამპანია, ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, უკრაინაში ახლა მიმდინარე პროცესები, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხომ არ მოვიდა დრო განცხადებების მიღმა უფრო ქმედითი ნაბიჯების, მაგალითად, NATO-ს გაფართოების საკითხის დასმით?
ვფიქრობ, დროა, რომ საქართველოს ხალხმა და საქართველოს მთავრობამ თავად გადაწყვიტონ, რა სურთ სინამდვილეში. ძლიერი და მოქნილი საზოგადოების შექმნა, რომელიც ენდობა საკუთარ მედიას, მთავრობას და მის იურიდიულ ინსტიტუტებს, ასევე ძლიერი ეკონომიკა, რომელიც სრულ თავისუფლებას მისცემს შესანიშნავი ქართველი ახალგაზრდების ნიჭსა და პოტენციალს, არის ის, რაც შეაძლებინებს საქართველოს გაუმკლავდეს რუსულ დეზინფორმაციულ და კორუფციულ გავლენას.
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს გზების მოძიებას საქართველოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად. მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვა, აკეთებს თუ არა მათი მთავრობა ყველაფერს, რომ ეს შესაძლებელი გახადოს; ამ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რომ არა. მსხვილი ბიზნესები თავს შეიკავებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების ჩადებისგან, თუ ისინი არ იქნებიან დარწმუნებულნი კომერციული საქმიანობის გამჭვირვალობასა და მათ საქმიანობაში ჩარევის აღკვეთაში, კრემლის ან, თუნდაც შიდა დამანგრეველი გავლენის გამო.
_თურქეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის საკითხს, მანამდე, ასეთი განცხადება საქართველოსთან მიმართებითაც გააკეთა, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია თურქეთის მოკავშირეობა რეგიონში, თურქეთისთვის თურქეთის როლის გაზრდა, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშის. შესაძლებელია თუ არა აქ ინტერესთა თანხვედრის პოვნა და თანამშრომლობის გაღრმავება?
ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა თურქეთსა და აშშ-ს შორის, ანუ აღვადგინოთ ნდობა და არ დაუშვათ ჩვენი ურთიერთობის განსაზღვრა S400 გადაწყვეტილებით. თურქეთისთვის შეცდომა იყო S400-ის ყიდვა და მე ამას არ ვამართლებ. მაგრამ თურქეთი არის დიდი ხნის საიმედო მოკავშირე, რომელიც კარგად ხვდება და გრძნობს, რომ დასავლეთი ან შეერთებული შტატები მას არ აფასებს და პატივს არ სცემს. თურქეთი საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც NATO-სთვის, ასევე აშშ-სთვის. ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგია შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის უნდა გულისხმობდეს ამ სტრატეგიული ურთიერთობის დარეგულირებას. დროა, თურქეთი-აშშ-ის ურთიერთობების ფორმატის განახლების, თუმცა თურქეთსაც უნდა სურდეს იგივე.
_ამერიკა რეგიონში, ევროპასთან ერთად კოორდინირებული პოლიტიკის გატარებას ცდილობს. სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზეც შეაფასეს და მხარი დაუჭირეს ევროპის ძალისხმევას შარლ მიშელის მეთაურობით, საქართველოში კრიზისის განსამუხტად. ბატონო გენერალო, არის თუ არა კრიზისების მხოლოდ განმუხტვა კრიზისის გადაჭრის გზა? თუ საჭიროა უფრო საგნობრივი და შინაარსობრივი გადაჭრის მექანიზმები? მით უფრო, იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსეთი ყოველთვის მოიაზრება ყველა შიდა დაპირისპირების ინსპირატორად ან ძალად, რომელიც სარგებლობს ამით...
დასავლეთ ევროპელები უკვე მერამდენედ ვერ ახერხებენ პასუხისმგებლობა დააკისრონ კრემლს საერთაშორისო სამართლის რუტინული დარღვევებისთვის, იმისთვის, რომ ის უარს ამბობს სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობაზე და არ აძლევს უფლებას ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას, თავისი საქმე შეასრულოს უკრაინაში. კრემლს ხშირად ადანაშაულებენ მკვლელობასა და ჯაშუშობაში დასავლეთ ევროპის დედაქალაქებში. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ბიზნეს ინტერესები უფრო მეტად განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას ბერლინსა და პარიზში, ვიდრე კრემლის პასუხისმგებლობის საკითხი. ვიდრე ეს არ შეწყდება და პრეზიდენტი პუტინი ამტკიცებს, რომ არ შეწყდება, კრემლი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ამ ხარვეზებსა და სისუსტეებს დასავლეთზე რეაგირებისას. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს მიაჩნია, აშშ ამას მარტო ვერ გააკეთებს, რადგან ყოველი შემდგომი ადმინისტრაცია ჩინეთზე უფრო მეტად არის კონცენტრირებული, ვიდრე რუსეთზე.
_თქვენი აზრით, უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში კვლავ ანაკლიის პროექტის განხორციელება? იქნება თუ არა ეს კონკრეტული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოზიციონირების?
ეს არის კარგი მაგალითი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ამბობს საქართველოს მთავრობა, რომ მას სურს დასავლური განვითარება და ინვესტიციები ქვეყანაში, თუმცა სინამდვილეში ცოტა რამ გააკეთა ამის განსახორციელებლად. ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის, გაიხსნებოდა რა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფანი ევროპასა და ევრაზიას შორის. იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხს ისევ დღის წესრიგში დააბრუნებს, როგორც უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის.
მაგრამ იმედია, საქართველოს მთავრობაც დააყენებს მოცემულ საკითხს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ კრემლის გავლენამ შეანელა ეს პროექტი, რადგანაც მას არ სურს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული, და რომ აქ გაიაროს ევრაზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელმა მარშრუტმა, რომელიც არ გადის რუსეთის გავლით. მე ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოს შიგნით არსებულ ძალებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ბიზნეს გავლენით, არ სურთ ამ პროექტის განხორციელება, რადგან ის ფოთის ან ბათუმის კონკურენტი აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ეს ძალიან ვიწრო აზროვნებაა. საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში (პორტები, რკინიგზა, მილსადენები, ტელეკომუნიკაციები და გზები), რათა შეძლოს ამის განხორციელება.
_გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ბრიტანეთი და უკვე 11 სექტემბერს ამერიკის სამხედრო კონტინგენტი მთლიანად დატოვებს ავღანეთს. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?
მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმები, თუმცა ერთგვარი სევდა მეუფლება, როცა ვფიქრობ იმ დაკარგულ სიცოცხლეზე და ძალისხმევაზე, რაც აშშ-მ ავღანეთში ჩადო და ათასობით ავღანელზე, ვინც იქ დაიღუპა. ვამაყობ იმით, რაც ყველამ გავაკეთეთ ავღანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში. ასევე ვამაყობ საკუთარი სამსახურით სამხრეთის რეგიონალური სარდლობის (RC South) ფარგლებში, ყანდაარში 2009-2010 წლებში. ჩვენ, კოალიცია, მათ შორის საქართველო, ორი ათწლეულის განმავლობაში ვასრულებდით მისიას, რათა ავღანეთი არ გამხდარიყო აშშ-ზე ან ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე ტერორისტული თავდასხმების პლაცდარმი. ჩვენ გავაუმჯობესეთ ათასობით ქალისა და ბავშვის ცხოვრება ავღანეთში, ასევე მაქსიმალური შანსი მივეცით ავღანელებს მოეწყოთ უკეთესი ცხოვრება და შეექმენათ უკეთესი მთავრობა ათასობით სიცოცხლისა და უზარმაზარი სიმდიდრის დანაკარგის მიუხედავად.
მაგრამ აშშ-ის არც ერთ ადმინისტრაციას (ბუშის, ობამას, ტრამპის, ბაიდენის) არ გაუკეთებია ის, რაც პაკისტანს აიძულებდა, უარი ეთქვა თალიბანის ან ალ-ქაიდასთვის უსაფრთხო თავშესაფრის მიცემაზე. ვიდრე ეს სიტუაცია გაგრძელდება, ვერასდროს შევძლებთ „გამარჯვებას„. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ახალგაზრდა ქალებისა და კაცების გაგზავნა ავღანეთში ასეთ სიტუაციაში. ერთადერთი, რაც გვჭირდება არის ის, რომ შევინარჩუნოთ იქ ყოფნა, რათა ვებრძოლოთ ტერორიზმს და იმისთვის, რომ შევძლოთ ნორმალური ტიპის მხარდაჭერა გავუწიოთ ავღანეთის მთავრობასა და ხალხს, როგორც ამას მსოფლიოს მრავალ სხვა ცხელ წერტილში ვაკეთებთ. ჩვენ ასევე უნდა შევთავაზოთ ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია არჩეულ ქვეყანაში ნებისმიერ ავღანელს, ვინც კოალიციას უჭერდა მხარს, როგორც თარჯიმანი ან თანამშრომელი, ან რომელსაც განსაკუთრებით დაემუქრება გააქტიურებული თალიბანი უახლოეს წლებში. თუმცა, ვეთანხმები პრეზიდენტ ბაიდენს, დროა ეს მისია დასრულდეს.