რა სფეროებს მოიცავს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება

სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის დახმარების კოორდინატორი ოფისის მონაცემებით, 1992 წლის შემდეგ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება $5,7 მილიარდს შეადგენს. ოფისის თანახმად, ეს ფაქტები 2021 წლის ივნისის მონაცემებს ასახავს.

Europetime არსებული დოკუმენტებიდან რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გთავაზობთ, რომლის განვითარებასაც საქართველოში აშშ უჭერს მხარს.

2020 ფისკალური წელი: USAID-ის დახმარება საქართველოსთვის $133.5 მილიონია. 

  • ამ ფინანასური დახმარებიდან, თანხა შემდეგი მიმართულებით გადანაწილდა: 
  • მშვიდობა და უსაფრთხოება $52,73 მილიონი;
  • ეკონომიკური ზრდა $39,85 მილიონი;
  • დემოკრატია და ადამიანის უფლებები - მმართველობა - $35,86 მილიონი;
  • განათლება, სოციალური სერვისები - $4,97 მილიონი;
  • ჰუმანიტარული დახმარება - $0.13 მილიონი;
  • COVID19-ის პანდემიის დროს, პრევენციისთვის, საქართველომ, აშშ-სგან $27,2 მილიონი მიიღო. 

სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პროცესების ხელშეწყობა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქართველოში, რათა ხელი შეუწყოს საჯარო დებატებს საკვანძო საკითხებზე, მოქალაქეთა ზედამხედველობას მთავრობაზე.

2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების დროს, USAID-ისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პარტნიორებმა ასობით დამკვირვებელი გაგზავნეს 17 ოლქში, სადაც არჩევნები იმართებოდა.

აშშ-ის საელჩოს თბილისის სახალხო დიპლომატიის განყოფილებამ (PDS) 2020 წელს მცირე გრანტები გადასცა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადვოკატირების ჯგუფებს, რაც ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის კულტურას და აძლევს სამოქალაქო საზოგადოებას უფლებამოსილებას, უზრუნველყოს უფრო ეფექტიანი საჯარო ზედამხედველობა და ჩართულობა მთავრობასთან. ძალისხმევა მხარს უჭერს საქართველოს, რომ პოლიტიკური პროცესი უფრო დემოკრატიული გახდეს.


დამოუკიდებელი მედია და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა

დამოუკიდებელი, სანდო და დაბალანსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა; რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და დამოუკიდებლად, მაღალი ხარისხით  გაშუქების შესახებ საზოგადოების მოთხოვნის დაკმაყოფილება, აშშ-ის დახმარების მთავარი მიზანია.

ჟურნალისტიკაზე ფოკუსირებული გაცვლების მხარდაჭერის გარდა, 2020 წელს ჩატარდა მედიაწიგნიერების ტრენინგი 1700 საშუალო სკოლის მოსწავლისა და უნივერსიტეტის სტუდენტისთვის და სულ მიაღწია 120 000-ზე მეტს, ონლაინ რესურსების საშუალებით, რამაც საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდა ინსტრუმენტები, ყალბი ინფორმაციის ამოსაცნობად.


სამართალდამცავი ორგანოების დახმარება

ტრენინგი და ტექნიკური დახმარება ეხმარება საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, გააუმჯობესონ თავიანთი უნარები და განახორციელონ რეფორმები ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. 

INL დაეხმარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ კრიმინალურ ლაბორატორიას ძირითადი პოლიტიკის, პროცედურების და სახელმძღვანელოების შემუშავებაში.
საშუალება მისცა მას, მიეღო აკრედიტაცია რამდენიმე სასამართლო დისციპლინაში, რითაც გააუმჯობესა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების სანდოობა.

ხელი შეუწყო მშვიდობიანი საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფას პოლიციის სწავლების გზით, რაც დაეხმარა საქართველოს მთავრობას, უფრო პროფესიულ დონეზე კონტროლის უნარი, რომელიც პატივს სცემს მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებებს.


შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტისთვის

ექსპორტის კონტროლისა და მასთან დაკავშირებული საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამამ ინვესტირება მოახდინა მიზნობრივი და რისკების მართვის მოწინავე სისტემის და ექსპორტის კონტროლის ელექტრონული ლიცენზირების სისტემების შემუშავებაში.

დახმარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქართველოს შესაძლებლობებს უკანონო ტრეფიკინგის, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ.


კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან და სამართალდამცავ საქმეთა საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ მართული პროგრამების მეშვეობით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მუდმივი იურიდიული მრჩევლები (RLA) უზრუნველყოფენ სისხლის სამართლის სექტორის დახმარებასა და ტრენინგს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლებისა და სასამართლო ხელისუფლებისთვის.

მაგალითად, კიბერ და ბავშვთა ექსპლუატაციის დანაშაულებში ქართველი პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლებამ საშუალება მისცა საქართველოს, ეთანამშრომლა აშშ-სთან და საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა გაესამართლებინათ ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის ქსელის რამდენიმე წევრი.

USAID ასევე მუშაობს მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუტების მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად, რათა გააძლიეროს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზა; გააუმჯობესოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა მცირე წარმომადგენლობითი ჯგუფების წევრებისთვის; გააძლიეროს ინსტიტუციური კონტროლი და ბალანსი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებთან მუშაობის გზით, ინსტიტუციური ზედამხედველობისა და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

USAID-ი ხელს უწყობს მთავრობის საჯარო სამსახურის რეფორმების წინსვლას, ადგილობრივი ხელისუფლების დეცენტრალიზაციას და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას. აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP) ამზადებს მოსამართლეებს, ადვოკატებს და სასამართლოს პერსონალს ინტელექტუალური საკუთრების, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის, გადახდისუუნარობის და სხვა კომერციული სამართლის თემებზე.

2020 წლის თებერვალში, CLDP-ის (კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა) მიერ დაფინანსებული ორდღიანი სემინარი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ეროვნული და რეგიონული შესყიდვების ოფისებისთვის, საქართველოს ევროკავშირის სისტემასთან გათანაბრებაში დაეხმარა.


ცნობისთვის, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე 2009 წლის 9 იანვარს, ვაშინგტონში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელმოწერილმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიამ აიყვანა.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის ფართო და სიღრმისეული თანამშრომლობის უმთავრეს მექანიზმს. ამ თანამშრომლობის მექანიზმით გათვალისწინებულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა დემოკრატია და მმართველობა; უსაფრთხოება და თავდაცვა; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.

ქარტია, რომელიც  ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, ასევე დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას ეფუძნება, საშუალებას იძლევა ყველა ზემოხსენებული მიმართულებებით გაფართოვდეს ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები.

ქარტიის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი მიმართულებით იმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და პლენარული, შემაჯამებელი სხდომა.

1991 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან, ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთ უმთავრეს როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების საქმეში, დემოკრატიის გაძლიერების, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ასევე, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების გამყარების მიმართულებით.

ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი.