ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამერიკელი ხალხი დიდი ხანია, სოლიდარულია საქართველოს მისწრაფებისადმი, იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დონფრიდის თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, აშშ და საქართველო გახდნენ სტრატეგიული პარტნიორები და მუშაობენ საერთო მიზნისკენ - საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში.
მისივე თქმით, აშშ ეხმარება ქართველი სამხედროების წვრთნებს, რომ მათ შეძლონ ქვეყნის ტერიტორიის დაცვა.
„ეს დახმარება მხარს უჭერს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელონ საჭირო რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
სამხრეთ კავკასიის ხალხი იმსახურებს მშვიდობას, ეს ადმინისტრაცია სრულად უჭერს მხარს ამ მიზანს“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა.
ForeignAssistance.gov - ის მიხედვით, 2020 წელს, საქართველომ ფინანსური დახმარების სახით, $169 824 928, 2021 წელს - $53 417 072, 2022 წელს კი - $13 505 027 მიიღო. პლატფორმის მიხედვით, 2021-22 წლის მონაცემები, ანგარიშში ნაწილობრივადაა წარმოდგენილი.