არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს, გიორგი ვაშაძეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით უსმენენ.
„არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი. ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი. ეს არის ფარისევლობა, სიყალბე და ტყუილი. ამას გარდა, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს დეპუტატებს და ჩვენ ყველას. ამ დროს, რეალურად, მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე საუბრობდით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრს მიმართა კითხვის ფორმით: "რატომ არ არის დღეს საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, თქვენს ქმედებებში ხომ არ იკვეთება მოღალატეობრივი ქმედება და აგვაცილეთ ევროპისკენ მიმავალ გზას?"
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრის მოსმენა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.