პრემიერი: დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა

"ეს საერთო გამარჯვებაა!", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს გამარჯვებას.

პრემიერი მილოცვას facebook-ის გვერდზე აქვეყნებს.

„დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა!“ - აცხადებს გიორგი გახარია.

იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში.