პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.

„მსჯავრდებული სააკაშვილი საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები უტარდება.

საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით, ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა.

20 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, საპრპოტესტო აქცია - „გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი“ გაიმართება.


შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.