ჩინეთის ელჩის განცხადებით, „პეკინი ახორციელებს დამოუკიდებელ და სუვერენულ სამშვიდობო საგარეო პოლიტიკას, საკუთარ პოზიციას და პოლიტიკას მუდამ საქმის არსებითი ვითარებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, იცავს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს, საერთაშორისო მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას“.
„ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მიზანია მსოფლიოში მშვიდობის დაცვა და საერთო განვითარების ხელშეწყობა. ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ქვეყანა განურჩევლად სიდიდისა, სიძლიერისა თუ სიმდიდრისა, თანასწორუფლებიანია. ჩინეთი პატივს სცემს ქვეყნების მიერ დამოუკიდებლად არჩეულ განვითარების გზასა და სოციალურ წყობას. იგი მტკიცედ ეწინააღმდეგება ჰეგემონიზმისა და ძალისმიერი პოლიტიკის ნებისმიერ ფორმას, ცივი ომის მენტალიტეტს, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევასა და ორმაგ სტანდარტებს.
ჩვენ ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგება.
უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია ე.წ. „ოთხ აუცილებლობას“ ეფუძნება. აუცილებელია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინება, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ყველა ძალისხმევის მხარდაჭერა.
განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობები ჩინეთის საგარეო პოლიტიკის საფუძველია. ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებადი ქვეყნების და მათ შორის საქართველოს მხარდაჭერას. გლობალური განვითარების ინიციატივა ხაზს უსვამს, რომ განვითარების პროცესს არცერთი ქვეყანა და არცერთი ერი არ უნდა გამოაკლდეს“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.
მისივე თქმით, ჩინეთი მზადაა, გაუზიაროს საქართველოს სახელმწიფო მმართველობისა და მოდერნიზაციის კუთხით დაგროვილი დიდი გამოცდილება.
„ჩინეთი გააგრძელებს პასუხისმგებელი დიდი ქვეყნის როლის შესრულებას, ხელს შეუწყობს გლობალური განვითარების ინიციატივის ყოველმხრივ განხორციელებას, აქტიურად ჩაერთვება საერთაშორისო თანამშრომლობაში, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმუშავებს მაღალი დონის პარტნიორობის შესაქმნელად და მისი სწორი მიმართულებით გასავითარებლად, ხელს შეუწყობს კეთილდღეობისა და განვითარების ახალი ეპოქის დადგომას“.
ჩინეთი და საქართველო ორივე განვითარებადი ქვეყანაა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ჩართულობას გლობალური განვითარების ინიციატივაში, რათა ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობამ მეტი კეთილდღეობა მოუტანოს ორ ერს.
ჩინეთი, რომელიც მუდამ მოდერნიზაციისკენ მიდის, მთელი მსოფლიოსთვის აუცილებლად ბევრ ახალ შესაძლებლობას შექმნის და საერთაშორისო თანამშრომლობას მეტ იმპულსს შესძენს. იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კაცობრიობის პროგრესში. ჩინეთი მზადაა, გაუზიაროს საქართველოს სახელმწიფო მმართველობისა და მოდერნიზაციის კუთხით დაგროვილი დიდი გამოცდილება. ჩვენ ხელს შევუწყობთ იმას, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა და თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდეს“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.