ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა სატრანსპორტო დერეფნები ცენტრალურ აზიაში, რუსეთის გვერდის ავლით უნდა ააშენოს

ევროკავშირმა უნდა გააღრმავოს კავშირები ცენტრალურ აზიასთან, რომელიც თავისი ურთიერთობების დივერსიფიკაციის მცდელობისას, რუსეთის გვერდის ავლით, რეგიონში სატრანსპორტო დერეფნების მშენებლობისთვის, ევროკავშირს სასურველ პარტნიორად ხედავს. 

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.  

„რადგან ჩვენი ცენტრალური აზიელი პარტნიორები ცდილობენ თავიანთი ურთიერთობების დივერსიფიკაციას, მათ სურთ ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში", - განაცხადა ბორელმა. 

მისივე თქმით, საუკუნეების განმავლობაში ცენტრალური აზია თამაშობდა მთავარ როლს, აკავშირებდა შორეულ აღმოსავლეთს ევროპასთან, რადგან „ტვირთები და იდეები „აბრეშუმის გზის“ გასწვრივ წინ და უკან მოგზაურობდნენ“. 

„მაგრამ ურთიერთობები უნდა განვითარდეს და მუდმივად განახლდეს ახალი გარემოებების ფონზე. ახლა ცენტრალური აზია გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური თვალსაზრისით მოვლენების ცენტრშია. აშკარაა, რომ რეგიონი ცდილობს ურთიერთობების დივერსიფიკაციას და ევროკავშირი განიხილება, როგორც სასურველი პარტნიორი“, - აცხადებს ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი.

მისივე თქმოთ, ცენტრალურ აზიაში ახალი დინამიკაა, თუმცა რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის როლი რეგიონში, კვლავ მნიშვნელოვანია.

„ევროკავშირმა უნდა გააღრმავოს კავშირები რეგიონთან და გამოიყენოს უზარმაზარი პოტენციალი ენერგეტიკული მარაგების, კრიტიკული ნედლეულისა და რუსეთისგან დამოუკიდებელი ახალი სატრანსპორტო დერეფნების კუთხით ე.წ. შუა დერეფნის ან ტრანსკასპიის დერეფნისკენ“, - განაცხადა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.