ჩინეთი კონფლიქტის რომელიმე მხარეს შეიარაღებით რომ დაეხმაროს, კრიზისზე კრიტიკულ ზეგავლენას მოახდენს. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ჩინეთს კონფლიქტის არც ერთი მხარისთვის არ აღმოუჩენია სამხედრო დახმარება.
„ზოგიერთი ქვეყანა იარაღის ექსპორტით ცდილობს გარკვეულ საკითხებზე ზეგავლენის მოხდენას. ჩინეთი არასდროს ახორციელებს იარაღის ექსპორტს კონფლიქტის ზონებში. ეს არის ჩვენი მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ვინც სამხედრო საკითხებით არის დაინტერესებული, გეცოდინებათ, რომ რამდენიმე დღის წინ, ჯუხაევში ჩატარდა გამოფენა, სადაც ჩინეთმა თავისი მოწინავე სამხედრო ტექნიკა წარმოადგინა. ჩინეთს ამ სფეროში იმდენად დიდი პროგრესი აქვს, რომ კონფლიქტის რომელიმე მხარეს შეიარაღებით რომ დაეხმაროს, ეს კრიზისზე კრიტიკურ ზეგავლენას მოახდენს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კრიზისის დაწყების შემდეგ, ჩინეთს კონფლიქტის არც ერთი მხარისთვის არ აღმოუჩენია სამხედრო დახმარება. ერთადერთი - უკრიანას გავუწიეთ ჰუმანიტარული დახმარება“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.
მისივე თქმით, ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ჰეგემონიზმისა და ძალისმიერი პოლიტიკის ნებისმიერ ფორმას, ცივი ომის მენტალიტეტს, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევასა და ორმაგ სტანდარტებს.
„ჩვენ ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგება. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სი ძინპინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია ე.წ. „ოთხ აუცილებლობას“ ეფუძნება.
აუცილებელია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინება, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ყველა ძალისხმევის მხარდაჭერა.
სი ძინპინგმა გერმანიის კანცლერთან და შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბოლო დროს გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ ისაუბრა უკრაინის საკითხზე, რა დროსაც მან წამოაყენა რეკომენდაცია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ოთხი მიმართულებით ერთობლივად უნდა იმუშაოს.
პირველ რიგში, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების ყველა მცდელობას, მოუწოდოს შესაბამის მხარეებს, გამოიჩინონ გონივრულობა და თავშეკავება, რაც შეიძლება მალე დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი, რათა შეიქმნას პირობები მოლაპარაკებების აღსადგენად.
მეორე, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთობლივად უნდა შეეწინააღმდეგოს ბირთვული იარაღის გამოყენებას ან გამოყენების მუქარას, არ უნდა დაუშვას ბირთვული იარაღის გამოყენება, რადგან ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს.
მესამე, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა უზრუნველყოს გლობალური სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა, ერთობლივად უნდა აღმოფხვრას ენერგეტიკის, სურსათის და სხვა მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობაში შექმნილი დაბრკოლებები და ხელი შეუწყოს გლობალური ეკონომიკის, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის აღდგენას.
მეოთხე, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა უზრუნველყოს ზამთრის პერიოდში კრიზისულ ზონებში მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარება, უნდა გაუმჯობესდეს ჰუმანიტარული პირობები, თავიდან უნდა ავიცილოთ უფრო მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისები.
სი ძინპინგმა ასევე აღნიშნა, რომ ისეთი გლობალური და კომპლექსური კრიზისის პირობებში, როგორიცაა უკრაინის კრიზისი, სამ რამეზე განსაკუთრებით ღირს დაფიქრება: პირველი, კონფლიქტებსა და ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ; მეორე, რთული პრობლემის მარტივად გადაწყვეტის გზა არ არსებობს; მესამე, აუცილებელია დიდ ქვეყნებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილება.
ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენას და იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები, NATO და ევროკავშირი რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.