აშშ საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია NATO-ში. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც NATO-საქართველოს ურთიერთობებზე ჰკითხეს. ელჩის თქმით, აშშ ყოველთვის ცდილობს, მოიძიოს სხვადასხვა გზა, საქართველოს თავდაცვის ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის, რომ გაზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა NATO-სთან.
ელჩის თქმით, ეს არის ის, რასაც ამერიკა საქართველოში მრავალი წელია, აკეთებს.
„NATO-სთან საქართველოს შესაძლებლობებისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თავდაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მთელ მთავრობასთან.
აშშ ამას საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში აკეთებს. ცხადია, რომ გასაკეთებელი მეტია. ცხადია, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს და ეს აისახება ხოლმე ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა NATO-სთან ყოველწლიური კონსულტაციის შედეგად ამზადებს.
აშშ მუდმივად ცდილობს, მოიძიოს გზები, რომ პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს თავდაცვით ძალებს, თავდაცვის სამინისტროს, რათა გაიზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა NATO-სთან.
„წვრთნები, რომლებსაც საქართველო NATO-სთან, აშშ-სთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად ატარებს ხოლმე, არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ყველა ვხედავთ იმას, თუ სად შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი უნარი, ერთობლივად ვუპასუხოთ, დავიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება. ამასთანავე, საქართველოს საზღვრების დასაცავად, გავზარდოთ თავდაცვის ძალების უნარები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
მან NATO-ს მოკავშირეებთან და ალიანსის ხელმძღვანელობასთან საქართველოს ლიდერების მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს საქართველოს ლიდერებისთვის შესაძლებლობა, რომ ესაუბრონ NATO-ელ მოკავშირეებს და ალიანსის ხელმძღვანელობას და ეძიონ გზები, საქართველოს NATO-ს წევრობასთან დასაახლოებლად. ეს მოითხოვს მუშაობას საქართველოს მთავრობის მხრიდან, ასევე მოითხოვს განგრძობად მხარდაჭერას აშშ-სგან და NATO-ს სხვა წევრი ქვეყნებისგან. ყველა მათგანს სურს, იხილოს საქართველოს წინსვლა NATO-სკენ მიმავალ გზაზე, იმ უსაფრთხო მომავლისკენ, რომელიც საქართველოს სურს და იმსახურებს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.