კელი დეგნანი: ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აქტიური დაკვირვების ქვეშ არის. ელჩმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, მედიასთან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს ყველაფერი, რაც კონსტიტუციით, ნებისმიერი მოქალაქისთვის არის გარანტირებული.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ ვაგრძელებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას. გვაქვს რეგულარული კონტაქტი სახალხო დამცველის ოფისთან დღევანდელი დღის ჩათვლით, რათა მოვიკითხოთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი კეთილდღეობა.

ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მონიტორინგს მათ შორის იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილი იღებს იმას რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე იმსახურებს და რაც გარანტირებულია საქართველოა კონსტიტუციით“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.