აშშ ინდონეზიასთან თავდაცვის სფეროში კავშირებს აძლიერებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მის ინდონეზიელ კოლეგას შეხვდა, რათა გააძლიეროს თავდაცვის სფეროში კავშირები, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის საზღვაო ძალების მზარდი აქტივობის ფონზე.

შესაბამის ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ოსტინმა ინდონეზიის თავდაცვის მინისტრ პრაბოვო სუბიანტოსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების გზები, მათ შორის თავსებადობის გაფართოებისა და თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაზრდის გზით.

„აშშ ამაყობს თქვენთან პარტნიორობით, რადგან ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ხედვა თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის შესახებ“, - განაცხადა ოსტინმა.

თუმცა ამავე დროს, მედიის ცნობით, სუბიანტომ ხაზი გაუსვა ინდონეზიის ნეიტრალურ პოზიციას.

„მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინდონეზია ყოველთვის იკავებს პოზიციას და ცდილობს შეინარჩუნოს საუკეთესო ურთიერთობები ყველა ერთან, განსაკუთრებით ყველა დიდ ძალასთან,” - განაცხადა ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა.