სალომე ზურაბიშვილი: სტრასბურგის სასამართლომ საქართველო ომის მსხვერპლად აღიარა. ეს დიდი მიღწევაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით ისტორიულს უწოდებს და უდიდეს გამარჯვებად აფასებს.

პრეზიდენტი მადლობას უხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს. მისი თქმით, ამ გამარჯვების ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით.

„დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც ბრიუსელში ვხვდები, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევითი არაფერია. ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის მერე რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 2008 წლის ომის შემდეგ 12 წელი გავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახელმწიფო არის აღიარებული როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება“,- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში.