კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
„ეს ღონისძიებები იმართება ეროვნულ პოლიციასთან და ეროვნულ გვარდიასთან ერთად, როგორც უსაფრთხოების სამსახურის სისტემატური მუშაობის ნაწილი. რითაც უწყება უკრაინაში, რუსული სპეცსამსახურების დივერსიულ მოქმედებებს უპირისპირდება.
კერძოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გათვალისწინებით, იზრდება ტერორისტული აქტების, დივერსიების, მძევლების აყვანის რისკი, განსაკუთრებით მოქალაქეების თავშეყრის ადგილებში“, - იტყობინება უსაფრთხოების რეგიონული სამსახური.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ეკლესიის წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით ათვალიერებენ ტერიტორიას და ლავრის შენობებს და იქ მყოფ პირებს ამოწმებენ.