არ მსურს, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე, აინტერესებს მისი წარმატება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებაზე ჰკითხეს.
კერძოდ, ამერიკელ დიპლომატს ჰკითხეს დევიდ კრამერის იმ განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნავს, რომ „სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ“.
ელჩის თქმით, დევიდ კრემერი არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში.
„ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, ზრუნავს, აწუხებს მისი ბედი და მე არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მის კომენტარებზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს და აინტერესებს საქართველოს წარმატება“, - განუცხადა აშშ-ის ელჩმა მედიას.