ივანიშვილმა შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დასრულება, ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის დასრულება და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ქვეყნისთვის.

„ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ის უანგაროდ ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას და ხალხს. საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ არის ძალიან ბევრი ისტორიული შენობა-ნაგებობა აღდგენილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი, რომელი ერთი ჩამოვთვალო.

ამასთან დაკავშირებით თქვენ გაქვთ ინფორმაცია და შეგიძლიათ, სიმართლე უთხრათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, შეძლო იმ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ადამიანს ჰქონდა განსაკუთრებული როლი ქართულ პოლიტიკაში, რადგან მისი უშუალო მონაწილეობით, არჩევნების გზით, მშვიდობიანად მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება. მესმის, რომ ეს ყველაფერი თქვენ არ გსიამოვნებთ, თქვენთვის ეს ყველაფერი პრობლემაა, პრობლემაა ამ ადამიანის ავტორიტეტი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ, „ქართული ოცნების“ მიმართ. შესაბამისად, ამით ყველაფერია ნათქვამი,“ – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.