ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მედიასთან რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების მილოცვის ფაქტს გამოეხმაურა.
„საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის მართლმადიდებლური ეკლესია ვეზიარებით ერთად, თუ მოვხვდებით წირვაზე. თუ არ მოვხვდებით, მაინც ერთმანეთს ვიხსენიებთ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები.
ამ ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება. როდის გახდა ის [კირილე] ოკუპანტი ქვეყნის სულიერი მამა? - ჩვენთანაც იყო ეს ყველაფერი, ამიტომ პარალელს გავავლებთ.
ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, რაც უკრაინაში ხდება. საქართველომ ეს გაიარა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2008 წელს. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
რაც შეეხება იმას, რომ „პატრიარქი კირილე რუსეთის ომის ღია მხარდამჭერია", მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეს ტყუილია.
„ტყუილია. გაბუქებულია ეს ინფორმაცია. რუსეთის პატრიარქს დაუსვეს შეკითხვა და მან თქვა, არ ვარ მხოლოდ მოსკოვის პატრიარქიო. ისაა სრულიად რუსეთის პატრიარქი და ეს ომი მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ამიტომ იმის თქმა, რომ პატრიარქი ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, რომ ხალხი დახოცოს, ტყუილია. რუსეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა.
პასუხს აგებს პატრიარქი ამ ყველაფერზე. უკრაინა სახელმწიფოა, მაგრამ მისი ეკლესია არის რუსეთის კანონიკური ტერიტორია",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.