საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 24 ნოემბერს ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს მოლდოვას რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.
„ილია დარჩიაშვილი შეხვდება მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრს ნიკუ პოპესკუს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც გაკეთდება მინისტრების განცხადებები პრესასთან.
კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველო-მოლდოვას ორმხრივი პარტნიორობის საკითხები, საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ კუთხით ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.