გერმანიის ელჩი: ბურთი საქართველოს მოედანზეა - შანსი ახლა გვაქვს და გამართლების შესაძლებლობაც არსებობს

საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა და ევროგაერთიანება საქართველოს დაეხმარება, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს.

პიტერ ფიშერის განცხადებით, მომავალი წლის მეორე ნახევარში, ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციას საქართველოს ევროპის მომავალი გზის შესახებ. საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს.

ჩვენ ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ეს მოხდება და საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. სპორტულად რომ აგიხსნათ, ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. ჩვენ ევროგაერთიანება დავეხმარებით საქართველოს იმისთვის, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს.

ჩემი რჩევა იქნებოდა, თუ საქართველოსთვის პრიორიტეტული თემაა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ შემთხვევაში კონცენტრირდეს ამ თემაზე. შანსი ახლა გვაქვს და გამართლების შანსიც არსებობს“, - განაცხადა პიტერ ფიშერმა.


ელჩის თქმით, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საქართველო 12-პუნქტიან რეკომენდაციებს შეასრულებს.

„ევროპა არის პლურალისტური დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება. ძალიან მწიფე სახალხო ეკონომიკით, სწორედ ამიტომ ევროპის საბჭომ საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია დაუწესა. ამ პუნქტების შესრულების შემდეგ იქნება ლაპარაკი კანდიდატის სტატუსზე, შემდეგ იწყება გრძელი და რთული გზა იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს”, - განაცხადა ელჩმა ფიშერმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომლებიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების 2030 წლისთვის დასრულებისკენ მოუწოდა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.