ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია.
„ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტი პროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.