რიში სუნაკი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, რათა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ გაითხოვოს და საქართველოს ხსენებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა უზრუნველყოს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ქართველი კოლეგისადმი გაგზავნილ წერილში აცხადებს.

„მიხარია, რომ 2023 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შემდეგ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 2021 წლის პირველ იანვარს შევიდა ძალაში.

მივესალმები ასევე უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას. ამ უკანონო ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას. ურყევია გაერთიანებული სამეფოს, ისევე როგორც თქვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი.

მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ერების კეთილდღეობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებისა და გამყარების გზით“, - აღნიშნულია წერილში მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.

როგორც წერილშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში.


ინფორმაციისთვის, საქართველოს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. აღსანიშნავია, რომ ორმხრივი ურთიერთობები ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან (1918-1921 წწ.) იწყება.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის შორის 1919 წელს დამყარდა, რომლის აღდგენაც 1992 წლის 27 აპრილს მოხდა.

2022 წელს, აღინიშნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წერილები გაიცვალა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის.