იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს პარტნიორები, მათ შორის, საქართველო რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდიან

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოსთან დაკავშირებით.

თავდაპირველად მან ხაზი გაუსვა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მარცხდება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სასტიკი პასუხი, რაც ინფრასტრუქურაზე იერიშში გამოიხატება. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ასევე მძიმე დროა დანარჩენი ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეებს უფრო მეტი მხაჭერისკენ მოუწოდებს, როდესაც შეიკრიბებინ ბუქარესტში.

„რუსეთია აგრესორი. უკრაინა აგრესიის მსხვერპლია. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას ამ უფლების დაცვაში. არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ აგრესორი გაიმარჯვებს. თუ ჩაგვრა და ავტოკრატია გაიმარჯვებს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ომების უმეტესობა მოლაპარაკებებით მთავრდება. მაგრამ რა ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე.

ამიტომ, მშვიდობიანი გადაწყვეტის შანსების გაზრდის საუკეთესო გზა უკრაინის მხარდაჭერაა. ასე რომ, NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება. უკან არ დავიხევთ.

მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას უწევენ კიევს. მე ველი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებიც დათანხმდებიან არალეტალური მხარდაჭერის გაძლიერებაზე. ჩვენი ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის მეშვეობით, NATO აწვდის საწვავს, სამედიცინო აღჭურვილობას, ზამთრის აღჭურვილობას, ასევე ჩამხშობ მოწყობილობებs რუსეთის დრონების მოსაგერიებლად.

გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა ეპოქის ტექნიკიდან NATO-ს თანამედროვე სტანდარტებზე, დოქტრინასა და წვრთნებზე გადასვლაში. ჩვენ შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას, რათა განვიხილოთ უკრაინის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები და ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერა.

„ჩვენ ასევე შევხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლის წინაშე სხვადასხვა გზით ხვდება. ასე რომ, ჩვენს შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლობის დაცვაში და ასევე, გავაძლიეროთ მათი დაცვის უნარი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ კვირას, ბუქარესტში შეხვდებიან.